საზოგადოება
სოფელ სამებაში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციის მოთხოვნით პეტიცია დარეგისტრირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოებისა და ახალციხის ოფისის ორგანიზებით, ნინოწმინდაში, სოფელ სამებაში, მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიცია დარეგისტრირდა. პეტიციას ხელს 220 ადგილობრივი აწერს.

"17 ნოემბერს შევიტანეთ პეტიცია ნინოწმინდის საკრებულოში. ეს პირველი პეტიციაა, ამ დრომდე საკრებულოსთვის პეტიციით არავის მიუმართავს.

ვიდრე ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებდით, მანამდე „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრიდან“ სოფელ სამებაში მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ. უწყების ინფორმაციით, 2018-2022 წლებში 3.5 მაგნიტუდის ზემოთ, 40 მიწისძვრა დაფიქსირდა. მათ შორის, 2022 წლის 13 თებერვალს - 6.1, ამავე წლის პირველ მაისს კი - 5.3 მაგნიტუდის. ასეთი მასშტაბის მიწისძვრებმა შესაძლოა, შენობების ნგრევა გამოიწვიოს. დაბალი სიმძლავრის მიწისძვრები კი სამებაში მუდმივად ხდება. 2018-2022 წლებში აქ, დაახლოებით, 11 000 ბიძგი დაფიქსირდა, რაც ეფექტიდან გამომდინარე ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცაღა, ძლიერი ბიძგების შედეგად დაზიანებულ შენობებს კიდევ უფრო აზიანებს.

ამ სოფელში სულ 25 ოჯახი ცხოვრობს და თითქმის ყველა სახლი დაბზარულია. იმედი მაქვს, რომ ნინოწმინდის საკრებულო დააკმაყოფილებს ჩვენ პეტიციას."
- აცხადებს "მეცხრე არხთან" „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი თამუნა უჩიძე.

ადგილობრივებს წლების განმავლობაში სტიქიასთან გამკლავება საკუთარი სახსრებით უხდებათ. ბევრი მათგანი ავარიული სახლის გამაგრებას ვერ ახერხებს. ვითარება კიდევ უფრო რთულია სკოლაში, სადაც დაზიანებული ხის იატაკიდან და დაბზარული კედლებიდან შენობაში ქვეწარმავლები ძვრებიან. ამის გამო, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ორგანიზაციის მიერ წარდგენილ პეტიციას და სოფელ სამებაში არსებული საცხოვრებელი სახლების, ასევე, სკოლის შენობის მდგრადობა შეისწავლონ და მათ გასამაგრებლად, ან ალტერნატიული ფართის ასაშენებლად რესურსები ცენტრალური უწყებებიდან მოითხოვონ.
| Print |