საზოგადოება
ზეგანაკვეთური სამუშაოს, უქმე დღეების და ღამის ცვლის ანაზღაურების შემცირება - რას სთავაზობს ბორჯომის ქარხანა თანამშრომლებს?
ბორჯომის ქარხნის ახალ ხელშეკრულებაში, რომელიც კომპანიამ თანამშრომლებს შესთავაზა, ზეგანაკვეთური სამუშაოს, უქმე დღეებისა და ღამის ცვლის ანაზღაურება არის შემცირებული. თანამშრომლები ამბობენ, რომ კომპანიის ადმინისტრაციამ 10-მდე შეხვედრა უკვე გამართა მათთან და ცდილობს მუშები ახალ პირობებზე დაითანხმოს. აპრილიდან 10%-იან ხელფასის მატებასაც ჰპირდებიან, თუმცა ეს საკითხიც არ არის გადაწყვეტილი. შექმნილი ვითარების გამო თანამშრომლები თავს იკავებენ ხელმოწერისგან.

აიდიეს ბორჯომი საქართველოს ხელმძღვანელობის მცდელობა, რომ ასობით თანამშრომელს ხელი მოეწერა და მუშაობა გაეგრძელებინა ახალი ხელშეკრულებით, ჯერ-ჯერობით ისევ უშედეგო აღმოჩნდა. პროცესები გამოიწვია იმან, რომ ექვსთვიან ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც გაფიცულები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, ვადა გაუვიდა. ზაფხულში მიღწეული შეთანხმების თანახმად, ახლა კომპანიამ თანამშრომლებს ან ახალი პირობები უნდა შესთავაზოს, ან ძველით გააგრძელონ მუშაობა.

გაგრძელდება თუ არა შეხვედრა პროფკავშირებსა და დასაქმებულებს შორის - დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად შეთანხმდებიან დამსაქმებელი და დასაქმებულები. რის შეთავაზებას აპირებს ასობით თანამშრომლისთვის აიდიეს ბორჯომი საქართველო და რატომ შეამცირა ახალ ხელშეკრულებაში ზეგანაკვეთური და მოცდენის ანაზღაურების პროცენტი - ამ საკითხზე ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

| Print |