საზოგადოება
წლის წარმატებული ადამიანები სამცხე-ჯავახეთიდან
2022 წელი ყველა ადამიანისთვის სტრესული და არც თუ ისე მხიარული იყო უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. ბევრი ნეგატივის მიუხედავად, ამ წელმა ახალციხეში მცხოვრებ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს წარმატებაც მოუტანა.

ანსამბლი „მესხეთი“ ერთ-ერთია მათგან, ვისთვისაც წელი წარმატებული აღმოჩნდა. მათ ანსამბლის 50 წლის იუბილე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აღნიშნეს და „მესხეთის“ ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებმა მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.

სულ რამდენიმე დღის წინ ახალციხელმა ანზორ დარბაიძემ GFC Young warriors 2 -ზე მოწინააღმდეგე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და წარმატება მოიპოვა.
წელი გამორჩეული იყო ახალციხის თოჯინების თეატრისთვისაც. ყაზახეთის ქალაქ კოკშეტაუში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე #teartkokshe, საუკეთესო სცენოგრაფიისთვის დაჯილდოვდა ვახტანგ ქორიძე სპექტაკლისთვის “პატარა უფლისწული”, რომლის რეჟისორიც ლექსო ჩემიაა.
2022 წლის ოქტომბერში საქართველოში პირველად ჩატარდა ტაეკვონ-დოს "მსოფლიო თასის" ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა 27 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენმა მიიღო. აქედან ქართველი 21 სპორტსმენი ასპარეზობდა, სადაც მათ 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. მათ შორის იყო ნინო გონგაძეც, რომელიც "შავი ქამარი მესამე დანის" მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო გლობალ ტაეკვონ-დოს ფედერაციის პარა ტაეკვონ-დოს კომიტეტის თავმჯდომარე და ასევე საერთაშორისო კატეგორიის ინსტრუქტორია. სწორედ მან დააფუძნა "ტაეკვონ-დოს" პირველი კლუბი ახალციხეში.

2022 წელი გამორჩეული იყო ახალციხელი MMA მებრძოლისთვისაც. ამირან გოგოლაძემ GFC-ის ქამარი მოიპოვა. მან MMA-ის ორთაბრძოლაში ბრაზილიელი მარკოს სილვა 4 წუთსა და 56 წამში დაამარცხა. 25 წლის ახალციხელი სპორტსმენის ანგარიშზე ამჯერად 14 გამარჯვება და 3 მარცხია.
წელი წარმატებული იყო ანსამბლ „ლომსიასთვისაც“. სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი "ახალციხე" საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე დააჯილდოვეს. ანსამბლმა ორი შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა და ფესტივალზე რეგიონის წარმომადგენელი გახდა. 2022 წლის საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის დასკვნითი კონცერტი რუსთაველის თეატრში გაიმართა.
არ უნდა გამოგვრჩეს მესხი მორაგბეები, რომლებმაც წელს წარმატებით იასპარეზეს და უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად თავდაუზოგავად იბრძოლეს. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე ნაბიჯი დააკლდათ „დიდ 10-ში“ მოსახვედრად, „ტაომ“ 2022 წელი A ლიგაში მესამე ადგილით დაასრულა. კლუბის პრეზიდენტის და გუნდის გეგმა მომავალ 2023 წელს უმაღლეს ლიგაში მოხვედრაა.
| Print |