საზოგადოება
სომხეთის საზღვრის გადაკვეთა უკვე ID ბარათითაა შესაძლებელი
სომხეთის დღევანდელ, 12 იანვრის მთავრობის სხდომაზე მხარი დაუჭირეს დოკუმენტს, რომლის მიხედვით, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ სომხეთ-საქართველოს საზღვარი მხოლოდ ID დოკუმენტით გადაკვეთონ.

მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებდა ID დოკუმენტით საზღვრის გადაკვეთას, მხარეებმა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში მოაწერეს ხელი.

დღევანდელ სხდომაზევე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სომხეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს, რასაც მოწმობს სომხეთის მოქალაქეების საქართველოში გამგზავრების სტატისტიკაც.

“მხოლოდ 2019 წელს საქართველოს ესტუმრა 1 მილიონ 365 ათასი ჩვენი მოქალაქე”.

ოფიციალური ცნობითვე, შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერა დღესვე იგეგმება სომხეთში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში.
| Print |