საზოგადოება
მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ხელოვანის - ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო - პრემიერი
ქართველი კინომსახიობი, მომღერალი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ბუბა კიკაბიძე ენმ-ს სიის პირველი ნომერი და მე-10 მომწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. იგი საარჩევნო ბლოკმა ენმ - „ძალა ერთობაშია"-მ 2020 წლის ოქტომბერში წარადგინა სიის სათავეში.

იმ დროისთვის უკრაინაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ მომღერალს "პოლიტიკოსი და დიდი ქართველი პატრიოტი" უწოდა. ის ამბობდა, რომ "ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში".

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.

"მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის - მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს
", - წერია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება უკრაინის საელჩო საქართველოში და ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას უსამძიმრებს მის მეგობრებსა და ნათესავებს.
| Print |