საზოგადოება
ახალციხელი ექიმი, რაზმიკ რაისიანი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს დახმარებას სთავაზობს
ახალციხელი ექიმი, რაზმიკ რაისიანი ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარებს, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს უფასო თერაპიას სთავაზობს. ექიმმა დახმარების სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც ცენტრის შესახებ „მეცხრე არხის“ მიერ მომზადებულ მასალას გაეცნო.

„პატივცემულო ელისო, მზად ვარ დახმარების სახით, უფასოდ ვიმუშაო თქვენს ცენტრში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან. ყოველ თვე ერთ ბავშვს ჩავუტარებ თერაპიას“ - დაწერა სოციალურ ქსელში რაზმიკ რაისიანმა.

ჩვენს მიერ მომზადებული მასალა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტს და მის გამოწვევებს ეხება. მისი დამფუძნებლის თქმით, ცენტრის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ბავშვებმა არ იციან ქართული, რადგან ოჯახში საუბრობენ სომხურ ენაზე. ამიტომ მათი თერაპევტები იძულებულები იყვნენ მშობლებთან ესწავლათ სომხური სიტყვები, რომ ემუშავათ ბავშვებთან.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი, ელისო თათეშვილმა, 2010 წელს დააფუძნა.
| Print |