საზოგადოება
შპს "არალმა" სპორტ-კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

დღეს, 26 იანვარს, შპს "არალმა" სპორტ-კომპლექსის სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

შპს „არალის“ ტექნიკური განყოფილების მენეჯერის ინფორმაციით, სამუშაოების დაახლოებით ხუთი პროცენტი დასრულებულია, დარჩენილია გარე კიბეები, პანდუსები, ცენტრალური ასასვლელი, ტიხრები და ბლოკები, ასევე გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

სპორტკომპლექსის მშენებლობის დასასრულებლად, ხელშეკრულებით 13 თვე და 11 296 482,75 ლარია განსაზღვრული. კომპანიასთან მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება 6 დეკემბერს დადო. მათი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ მასალებია მომარაგებული, მომავალი კვირიდან კი აქტიური სამუშაოები დაიწყება. 

რაც შეეხება დასაქმებულებს შპს „არალის“ ტექნიკური განყოფილების მენეჯერი ამბობს, რომ მათ თავისი გუნდი ჰყავთ, თუმცა სურვილის შემთხვევაში მზად არიან დაასაქმონ ის ადამიანებიც, ვინც მანამდე იყო ჩართული მშენებლობის პროცესში.

მშენებლობის ადგილზე განთავსდება საჩივრის ყუთი, სადაც მოსახლეობას სურვილისამებრ შეეძლება საკუთარი პრეტენზია დააფიქსიროს.
კომპანიის განმარტებით, სამუშაოებში კვალიფიკაციის შესაბამისად 80 ადამიანამდე დასაქმების შესაძლებლობა აქვთ. ამ ეტაპზე გუნდის დაკომპლექტება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ შპს "არალმა" საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში უნდა განახორციელოს ქალაქ ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

ასპინძის ქუჩაზე საცურაო აუზისა და სპორტული კოპლექსის გასაკეთებლად ტენდერი 2020 წლის აგვისტოში 11 604 343 ლარზე გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სპორტული კომპლექსის შენობაში დახურული საცურაო აუზი (ცურვის სხვადასხვა დისტანციაზე, სინქრონული ცურვა, წყალბურთი) ტრიბუნები, საჭყუმპალაო, სავარჯიშო დარბაზები და ადმინისტრაცია უნდა განთავსდეს. ამავე შენობაში იგეგმება კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო სავარჯიშო დარბაზების მოწყობაც.

გამარჯვებულ კომპანიას საცურაო აუზის მშენებლობა 18 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა.
| Print |