საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურმა 2022 წელს, ვაკანსიების ნაწილში დისკრიმინაციული მიდგომები გამოავლინა
შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, ვაკანსიების მონიტორინგის შედეგად, 2022 წელს დისკრიმინაციული ნიშნები 62 ვაკანსიაში გამოიკვეთა.

კერძოდ, 39 ვაკანსიაში გამოიკვეთა დასაქმებაზე კანდიდატთა შეზღუდვა ასაკის ნიშნით, 21 შემთხვევაში - სქესის ნიშნით შეზღუდვა, ხოლო გარეგნობისა და ოჯახური მდგომარეობის საფუძვლით კანდიდატთა გამორჩევას 2 ვაკანსია ითვალისწინებდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, გასულ წელს, წინასახელშეკრულებო ეტაპზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამოყენებულ იქნა 52 მეწარმე სუბიექტის მიმართ.

„წინასახელშეკრულებო ეტაპზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის უზრუნველყოფის მიღწევისათვის შრომის ინსპექციის სამსახური აქტიურად ახორციელებს საჯარო წესით გამოქვეყნებული მიმდინარე ვაკანსიების მონიტორინგს, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებებისა და თანასწორობის მექანიზმის შემოწმების მიზნით. ხსენებულთან მიმართებით, 2022 წლის საანგარიშო პერიოდში წინასახელშეკრულებო ეტაპზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის დანაწესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამოყენებულ იქნა 52 მეწარმე სუბიექტის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელთა მიერ საჯარო წესით გამოქვეყნებული ვაკანსიების ტექსტები, რომლებიც შეიცავდა დისკრიმინაციისაგან დაცულ სხვადასხვა ნიშნებს, მათ შორის 39 ვაკანსიაში გამოიკვეთა დასაქმებაზე კანდიდატთა შეზღუდვა ასაკის ნიშნით, სქესის ნიშნით შეზღუდვა კი, გამოიკვეთა 21 შემთხვევაში, ხოლო, გარეგნობისა და ოჯახური მდგომარეობის საფუძვლით კანდიდატთა გამორჩევას 2 ვაკანსია ითვალისწინებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთსა და იმავე ვაკანსიაში არათანაბარი მოპყრობისაგან დაცული რამდენიმე ნიშანი იკვეთებოდა.

სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური აქტიურად აგრძელებს მონიტორინგს დამსაქმებელთა მიერ საჯარო სივრცეში ვაკანსიის გამოქვეყნებისას დისკრიმინაციული კრიტერიუმების განსაზღვრის პრევენციას, რათა უზრუნველყოფილ იქნას არათანაბარი მოპყრობისაგან თავისუფალი, კანდიდატთა მიერ სამუშაოზე ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების სათანადო მექანიზმი“
, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
| Print |