საზოგადოება
როდის დასრულდება ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია?

ვალეს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მეოთხე წელია მიმდინარეობს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ სამუშაოების დასრულებას 2020 წლის მაისში პროგნოზირებდნენ. მოგვიანებით პროექტის მეორე ეტაპის დაწყება დააანონსეს. სამუშაოების დასრულება 2022 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა ვალელების ეს პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

ახალციხის მერის ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, მეორე ეტაპის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. რატომ დასჭირდა ოთხი წელი პროექტის დასრულებას და გამოიკვეთა თუ არა მშენებელი კომპანიის შესრულებულ სამუშაოებში ხარვეზები, მერმა ამ ინფორმაციისთვის „წყალმომარაგების კომპანიაში“ გადაგვამისამართა.

ვალეში 3 700-მდე ადგილობრივი ცხოვრობს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ვკითხეთ, რატომ დასჭირდა პატარა ქალაქის წყლის სისტემის რეაბილიტაციას ოთხ წელზე მეტი. კომპანია გაჭიანურებულ პროცესზე არაფერს ამბობენ და ვალელებს ხარისხიან და უწყვეტ სასმელ წყალს ამჯერადაც 2023 წლის ბოლოს ჰპირდებიან.

„ქალაქ ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია . პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის არსებულ ცენტრალურ სათავე ნაგებობას, აშენდა რეზერვუარები, მოეწყო ჭაბურღილები და მაგისტრალური მილსადენი. გამრიცხველიანდა კერძო სახლები და კორპუსების ნაწილი. ამ დროისთვის მიმდინარეობს, მეორე ეტაპის საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს დარჩენილი კორპუსების გამრიცხველიანებასა და სათავე ნაგებობაზე სანიტარული ზონის მოწყობას. სამუშაოების დასრულება იგეგმება წლის ბოლოს. შედეგად, ვალეს მოსახლეობა სტაბილური, წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.“- აცხადებენ გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში.

„მეცხრე არხმა“ წყალმომარაგების კომპანიიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია რეაბილიტაციის პროექტის დეტალებზე, რომელსაც მიღებისთანავე გაგიზიარებთ.
| Print |