საზოგადოება
მოსახლეობა მერს შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებს - რა პროექტები ვერ დაფინანსდა 2022 წელს?
ახალციხის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საზოგადოებას 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სამოქალაქო სექტორის და ადგილობრივების კითხვები კი იმ პრობლემებს შეეხებოდა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. დამსწრეებმა ქალაქის მთავრობას წინასაარჩევნო დაპირებებიც შეახსენეს. რას ითხოვს ხალხი და რას ჰპირდება მერი.

უმუშევრობა, მიგრაცია, სასმელი წყალი, ამორტიზებული გზები, სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები, - მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მთავარ პრობლემებს ასახელებს. წლებია ახალციხეში პრიორიტეტები არ იცვლება. ადგილობრივები დაცლილ სოფლებზე ჩივიან, საიდანაც მოქალაქეები რთულ საცხოვრებელ პირობებს და გაჭირვებას დიდ ქალაქებში ან საზღვარგარეთ გაურბიან. მათი თქმით, რეგიონის მოსახლეობის პრობლემები, “მთავრობამ უნდა იცოდეს და ყოველ დღე უნდა ხედავდეს“.

მუნიციპალიტეტში არაერთი პრობლემა რომ არის მოსაგვარებელი, ამას ადგილობრივ ხელისუფლებაშიც აღიარებენ. მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას, სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში თქვა, რომ მუნიციპალიტეტში ყველაფერი მოწესრიგებული არ არის.

„მე ვიცი, რომ ყველა მადლობას ვერ გადაგიხდით, ყველაფერი არ არის დამთავრებული, ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი. მწვავედ დგას გაზიფიცირების საკითხი, კვლავ გადაუჭრელია 24-საათიანი სასმელი წყლით მომარაგების საკითხი, რომელზეც მიდის მუშაობა. დასასრულებელია აუზი, რომელიც ჩვენი დაპირებაა. მნიშვნელოვანი იქნება განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება. ვფიქრობ, რომ შემდგომი წლები იქნება ნაყოფიერი“, - თქვა ბესიკ ამირანაშვილმა.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა მთავარ საკითხებზე ნაწილდება. ინფრასტრუქტურა, სოციალური პროგრამები და სკოლამდელი განათლება - ასე გამოიყურებოდა მერიის პრიორიტეტები 2022 წელს. პრიორიტეტული სფეროები წელსაც უცვლელია.

გასული წლის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 21 მლნ. 600 ათასი ლარი იყო, წლის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტიდან თითქმის, ამდენივე დაემატა და საბოლოოდ 2022 წლის ბოლოს ბიუჯეტმა 40 მილიონამდე ლარი შეადგინა.


| Print |