საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
რამდენიმე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.

მთელი საქართველოს მასშტაბით, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა 24 საათიან რეჟიმში გრძელდება. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა. საერთო ჯამში, გაწმენდით სამუშაოებზე 500 ერთეულზე მეტი ტექნიკა მუშაობს, რათა საავტომობილო გზებზე განვლადობა მაქსიმალურად შენარჩუნდეს.

ამ დროისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები:

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე და ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 (ქედა-პაქსაძეები) მონაკვეთზე.

ამასთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე.

მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 (ქედა-პაქსაძეები) მონაკვეთზე.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
| Print |