საზოგადოება
როგორ არჩევენ სოფლად ბევრი პრობლემიდან მწირ ბიუჯეტზე მორგებულ პროექტს
ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები უკვე შეარჩიეს. ეს არის ერთადერთი პროგრამა, სადაც მოქალაქეები არიან ჩართული და საშუალება ეძლევათ დასაფინანსებელი პროექტი თავად დაასახელონ.

მუნიციპალიტეტის 46 დასახლებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 612 ათასი ლარია გამოყოფილი. ამას ემატება ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება. პროექტს სოფლის მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.


ახალციხის სოფელ დიდ პამაჯს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 16 000 ლარი შეხვდა, დამატებით, დაახლოებით, 30 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

საერთო კრებაზე, რომელსაც ახალციხის მერის და საკრებულოს მოადგილეები, ასევე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ, მოსახლეობას პრიორიტეტი უნდა განესაზღვრა.

მცირე ბიუჯეტი მხოლოდ ერთი პროგრამის დაფინანსების საშუალებას იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ბევრი პრობლემაა.

„გზა რომ დაგებულია, ამას არხი უნდა, წყალი ზედ დის და ფუჭდება, გვერდით სანიაღვრე არ უნდა?“

„რამდენი წელია მთელი თანხა სასმელ წყალზე იხარჯება, მაგრამ წყალი არ არის. მიწის ქვეშ შლანგები ჩაყარეს, მაგრამ იქ წვეთ წყალს არ გაუვლია“.

„ერთი წელია ურნებს ვითხოვთ, მაგრამ არ არის. ორი ურნა მოიტანონ, ერთი სტადიონთან და მეორე სასაფლაოზე“.

„გარე განათება ერთ უბანში დარჩა გასაკეთებელი, ხომ შეიძლება წელს ეგ ავირჩიოთ“,
- ისმოდა კრებაზე ადგილობრივების წინადადებები.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით წელს თანხა გზის მოწესრიგებაზე დაიხარჯება, თუმცა წყლის პრობლემა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და სხვა სოციალური პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება.


| Print |