საზოგადოება
საქართველო რუსებისთვის თავშესაფრად იქცა - Euronews
Euronews-ი საქართველოში შემოსულ რუსებზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოში დაფუძნებული რუსები ენას სწავლობენ, რათა აქ დარეგისტრირებული ბიზნესი სწორად მართონ. ბევრი რუსი ქვეყნიდან წასვლას აღარც აპირებს.

ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყებიდან საქართველო-რუსეთის საზღვარი 1,5-მა მილიონმა რუსმა გადმოკვეთა. რამდენი დარჩა, უცნობია, თუმცა მათი სიმრავლე დედაქალაქის ქუჩებში საგრძნობია.

გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების დაახლოებით 70% ნეგატიურად არის განწყობილი ამ ფაქტის მიმართ და მიიჩნევს, რომ ეს პროცესი უარყოფითად იმოქმედებს ქვეყანაზე. ქართველების დიდი ნაწილი ჩრდილოელ მეზობელთან სავიზო რეჟიმის დაწესებას მხარს უჭერს.

ენის გაკვეთილები


ჩამოსვლიდან მალევე, საქართველოში ათასობით რუსული კომპანია დარეგისტრირდა. მობილიზაციას გამოქცეული რუსები ახალ საცხოვრებელ გარემოში ადაპტაციას ცდილობენ, ხოლო მათთვის, ვისთვისაც საქართველოში დარჩენა გრძელვადიანი გეგმაა, ენის შესწავლა გარდაუვალი გახდა.

ენის შემსწავლელი ასოციაციის დამფუძნებლის, მაქსიმ ივანცოვის თქმით, მომართიანობა საკმაოდ მაღალია. „ჩვენ აქ ვართ რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, არ გვინდა, ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელიც თავს ესხმის სხვებს და ფაშისტურ ქმედებებს ახორციელებს“, - ამბობს ის.

ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, თბილისში მომენტალურად მომრავლდა რუსული კაფეები, გასართობი ადგილები და სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც თავად რუსეთის მოქალაქეებმა დააარსეს. დედაქალაქში რუსული წიგნის მაღაზიებიც არის. Itaka Books ერთ-ერთი მათგანია.

„აქ პირველად 2017 წელს მოვედი, - ამბობს მაღაზიის დამფუძნებელი, სტას გაივარონსკი, - და თბილისში ერთსაათიანი სეირნობის შემდეგ შემიყვარდა ეს ქალაქი. აქ მინდა ცხოვრება და არა მოსკოვში“.

რუსები აპირებენ დარჩენას

საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 15 000-ზე მეტი რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. ამის გამო ექსპერტები თვლიან, რომ ქვეყნიდან გაქცეული რუსები აქ სწორედ დასარჩენად ჩამოვიდნენ.

„ერთ მისამართზე ასობით კომპანია რეგისტრირდება“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჭავაძე.

„არის რამდენიმე სოფელიც კი, სადაც სულ რაღაც ორ თვეში 400-მდე კომპანიაა რეგისტრირებული. მათ სჭირდებათ ეს მისამართები ფორმალური მოთხოვნებისთვის. მათ უნდათ აქ დარჩენა, ზოგს უნდა მუშაობა, ან ბიზნესის შექმნა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ინდმეწარმედ დარეგისტრირდებიან, ეს ბინადრობის მოწმობის მიღებას აადვილებს“.
| Print |