საზოგადოება
ახალციხის საპატიო მოქალაქე ანზორ თამარაშვილი გარდაიცვალა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ღირსების ორდენის კავალერი, ახალციხის საპატიო მოქალაქე, ხელოვნებათმცოდნე და მუსიკოსი ანზორ თამარაშვილი გარდაიცვალა.

ანზორ თამარაშვილი წარმოშობით ქალაქ ახალციხიდანაა. დაამთავრა ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელი გუნდის დირიჟორის სპეციალობით 1976 წელს; ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნე - იმპრესარიოს სპეციალობით 2003 წელს.

1968-1999წწ. ეწეოდა შემოქმედებით და პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1967-1968წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1968-1969წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1973-1975წწ. ახალციხის საქალაქო საბჭოს დეპუტატი; 1970-1971წწ. ახალციხის საქალაქო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1971-1981წწ. ახალციხის სამუსიკო სკოლის პედაგოგი; 1981-1999წწ. ადიგენის სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1991-1999წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის პედაგოგი; 1998-1999წწ. ახალციხის რაიონული საკრებულოს წევრი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2006-2019წწ. საქართველოს მუსიკალური საზოგადოების ახალციხის რაიონული განყოფილების უფროსი; 2012-2019წწ. საქართველოს მუსიკალური საზოგადოების გამგეობის წევრი. ანზორ თამარაშვილი წლების მანძილზე იკვლევდა მესხური სასიმღერო ფოლკლორის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს; მისი ბიოგრაფიული მონაცემები შეტანილია "საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები XX-ე საუკუნის ბოლო ათწლეულში" (2002). რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების ლაურეატი, გუნდის დირიჟორი. ცნობილი თეოლოგიის დოქტორის, პროფესორისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის შთამომავალი.
| Print |