საზოგადოება
რამდენჯერ გადავადდა სავალდებულო სამხედრო სამსახური? - სტატისტიკა
ბოლო 7 წელში სავალდებულო სამხედრო სამსახური მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე 55 321 შემთხვევაში გადავადდა, საიდანაც ყველაზე ბევრი, 36 319 გადავადება „გირჩი - ბიბლიური თავისუფლების“ წევრობის გამოა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, 2016-2022 წლებში, სავალდებულო სამხედრო სამსახური 774 103 შემთხვევაში გადავადდა, ხოლო 24 717 ადამიანი გაწვევისგან გათავისუფლდა.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, იმ შემთხვევებს შორის, როდესაც ჯარში გაწვევა მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე გადავადდა, 21 იყო მართლმადიდებელი; 15 - მუსლიმი; 330 -იეჰოვას მოწმე; 36 324 - „გირჩი“ „ბიბლიური თავისუფლება“; 2106 -კატაკომბური ეკლესია (ანდრიაძე);41 - სხვა.

ამასთან, 7 წლის განმავლობაში ყველაზე მეტ - 286 673 შემთხვევაში ჯარში გაწვევა სტუდენტის სტატუსის მქონე პირებს გადაუვადდათ.

რაც შეეხება სამხედრო სამსახურის გადავადების სხვა საფუძვლებს, სტატისტიკა ასეთია: შეზღუდულად ვარგისი 154 178; დედისერთა 152 822; ჰყავს ერთი შვილი - ვადით 3 წლამდე 25 834; ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი 16 879; სკოლის მოსწავლე (20 წლამდე) - 13 566; ჯანმრთელობის მდგომარეობა (ვადით 1 წლამდე) 13 393; გადაიხადა მოსაკრებელი (2000 ლარი) - 5065; პროფესიული სტუდენტი 3 627; მარჩენალი, მხარდამჭერი - 1 473; მის მიმართ მიმდინარეობს ს.ს. დევნა - 860; გადავადება აქვს პრემიერ-მინისტრის მიერ - 842; ჰყავს არასრულწლოვანი და/ძმა - 372; მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად - 337.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში ინიცირებულია თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული „თავდაცვის კოდექსი“, რომელიც მთელ რიგ სიახლეს ითვალისწინებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდება.

ამასთან, პროექტის გათვალისწინებით, სასულიერო პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს - სასულიერო პირი არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.
| Print |