საზოგადოება
მომავალი წლიდან შესაძლოა, 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების შემოყვანა შეიზღუდოს
საქართველოში ევრო 5-ის ავტომობილების სავალდებულო სტანდარტის დაინერგება, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გასული კვირის მიწურულს იმსჯელეს.

შედეგად კი, 2024 წლიდან ქვეყანაში ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა შეიზღუდება, რაც თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.

„ამ ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციებით, ახალი მანქანების შემოსვლა სტიმულირებული იყო, ახალი სტანდარტის დანერგვა კი მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისთვის,“- ნათქვამი იყო მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ავტო იმპორტიორების კავშირის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმა ისაუბრა. მისივე თქმით, კლიმატზე ზრუნვა სწორია, თუმცა არ იქნება მართებული თუ ავტომობილის ტექნიკური გამართულობა მხოლოდ მისი წლოვანებით განისაზღვრება.

„ვთანხმდებით, რომ ავტოპარკი ნამდვილად გასაახლებელია, მაგრამ ეს პრობლემა ასე არ მოგვარდება, პირიქით ზიანი მიადგება არა მარტო სექტორს და ავტოიმპორტიორებს, არამედ მოსახლეობასაც. ცვლილების შედეგად, კიდევ უფრო გაძვირდება ავტომობილის და ასევე, მეორადი ავტონაწილის ფასები.

ამასთან, როდესაც გარემოზე ზრუნვაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გამახვილდეს უფრო ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებაზე, იქნება ეს კატალიზატორის პრობლემა, საპოხი მასალებისა თუ საწვავის დაბალი ხარისხი და ა.შ.,“
- აღნიშნა დარბაისელმა.
| Print |