საზოგადოება
ფაშისტური კამპანიაა სტუდენტებისგან ლექტორების მოღალატეებად მოხსენიება - კობახიძე
მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი კობახიძე ფაშისტურ კამპანიას უწოდებს სტუდენტების მიერ ლექტორების მოღალატეებად მოხსენიებას. კობახიძე ერთ-ერთი ლექტორია, რომლის მიმართაც სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი გამოხატეს - მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კი ამ საკითხზე ბრიფინგზე ისაუბრა.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაშისტური კამპანია, რომელიც უნივერსიტეტებსა და სკოლებში წარმოებდა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც კი, როგორიცაა სკოლის პედაგოგების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი მოსწავლეების მშობლების მოღალატეებად მოხსენიება, რაც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის უმძიმესი გამოხატულებაა. აგრეთვე დაფიქსირდა კამპანია საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესიდან პროფესორების ჩამოშორების მოთხოვნით. ამგვარი კამპანია საქართველოში ბოლოს წარმოებდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ ახალგაზრდა ბოლშევიკების მიერ, რომლებმაც საწინააღმდეგო შეხედულების მქონე პროფესორები (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი) უნივერსიტეტიდან გააძევეს",
- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე თქვა, რომ ამ პროცესში უხეშად ირღვევა უნივერსიტეტის ეთიკა.

"შემაშფოთებელი იყო ნაციონალი ლექტორების მიერ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება, რაც აკადემიური ეთიკის უხეში დარღვევაა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალი ლექტორები თავად შლიდნენ სასწავლო პროცესს, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნიშნების მომატებას და ა.შ. უნივერსიტეტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც "ნაციონალური მოძრაობის" უცვლელი ხელწერაა", - დასძინა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
| Print |