საზოგადოება
ორი წელია შუქნიშანი არ მუშაობს ახალქალაქში და ამ დროს ამწეს მოყვანა და ჩიტის ბუდეების დამაგრება ადექვატური საქციელია? - არსენ კარაპეტიანი
,,ჩიტის სახლი მაგარი თემაა, მაგრად მომეწონა, მაგრამ თუ სერიოზულად შევხედავთ, ახალქალაქში საცხოვრებელი სახლები უჭირს ხალხს, დანგრეულ, ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ, აბსურდია რაც ხდება... ორი წელია შუქნიშანი არ მუშაობს ახალქალაქში და ამ დროს ამწეს მოყვანა და ჩიტის ბუდეების დამაგრება/დამონტაჟება თუ რაც ჰქვია.. არ ვიცი რა გითხრათ. ასეთი გამონათქვამია ოკუპანტის ენაზე - и бе де - имитация бурная деятельность - ასეა საქმე" - განმარტავს არსენ კარაპეტიანი.

ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატის ინიციატივას ადგილობრივი ოპოზიცია ეხმაურება. ევროპული საქართველოს კოორდინატორი ჯავახეთში არსენ კარაპეტიანი ფიქრობს, რომ მსგავსი ქმედება თანაქალაქელების დაცინვა უფროა, ვიდრე მათზე ზრუნვა.

,,ბუნებაზე ზრუნვა ცუდი არ არის, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტით ამწეს მოყვანა და ჩიტების ბუდეების შენება მაშინ, როდესაც დაინგრა ნახევარი ახალქალაქი, რბილად რომ ვთქვათ, ისეთია რა.. კარგს თუ გააკეთებენ, კარგს არავინ უკარგავს, მაგრამ დღევანდელი ახალქალაქის ცენტრალურ - ჯავახეთის ქუჩაზე, მგონი საშინელებათა ფილმს იღებენ უკვე, სამი წელია ისეა მიგდებული. ნახევარი ქალაქი დანგრეულია, გადათხრილია და ამასობაში, ჩიტების ბუდეებზე ამბავს რომ ავრცელებ, ადეკვატური საქციელი არ მგონია ქალაქის მერიისთვის. ცალკეული დეპუტატი თუ ფიქრობს, რომ კარგ საქმეს აკეთებს, მერმა ხომ უნდა გააკონტროლოს? ეს დაცინვა უფროა ქალაქელებზე, მითუმეტეს ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებზე" - აღნიშნავს არსენ კარაპეტიანი.

ახალქალაქში, საკრებულოს დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აღვან აბაჯიანმა ჩიტების ექვსი საბუდარი გააკეთა და ქალაქის ცენტრალურ პარკში განათავსა.

,,ქალაქის ცენტრალურ პარკში ჩიტების ბუდების დაყენება შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა იზრუნონ ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე"- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |