საზოგადოება
დასრულდება თუ არა ვალეში სასმელი წყლის რეაბილიტაცია 2023 წელს?
ვალეს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მეოთხე წელია მიმდინარეობს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ სამუშაოების დასრულებას 2020 წლის მაისში პროგნოზირებდნენ. მოგვიანებით პროექტის მეორე ეტაპის დაწყება დაანონსდა. სამუშაოების დასრულება 2022 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა ვალეში წყლის პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

ახალციხის მერის ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, მეორე ეტაპის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. რატომ დასჭირდა ოთხი წელი პროექტის დასრულებას და გამოიკვეთა თუ არა მშენებელი კომპანიის შესრულებულ სამუშაოებში ხარვეზები, მერმა ამ ინფორმაციისთვის „წყალმომარაგების კომპანიაში“ გადაგვამისამართა.

მეცხრე არხმა საქართველოს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან“ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. კითხვაზე თუ რა სამუშაოები განხორციელდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში - კომპანიამ დანართის სახით გაგვიზიარა შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ნუსხა.
ჩვენ ასევე ვითხოვეთ შემდეგი ინფორმაციის გაცემა:

სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის: (გთხოვთ, მომწეროთ ვადები და შესრულებული სამუშაო დეტალურად) რატომ გახდა საჭირო ერთი და იგივე სამუშაოს რამდენჯერმე შესრულება. მაგალითად, მრიცხველებს ადგილი რამდენჯერმე შეცვალეს, მიწისქვეშა კომუნიკაცია რამდენჯერმე გათხარეს.

- №T-061203 ხელშეკრულების ფარგლებში, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდა შესასრულებელი სამუშაოების კორექტირება, რამაც გამოიწვია შეფერხება.

რა თანხა დაიხარჯა პროექტზე, (რამდენი ტენდერი გამოცხადდა, საიდან გამოიყო თანხა, სრულად ცენტრალური ბიუჯეტიდან, თუ მოხდა პროექტის თანადაფინანსება) რატომ გაჭიანურდა პროექტის დასრულება? (კომპანიამ ჯერ კიდევ 2019 წელს გამოაცხადა ტენდერი და აანონსებდა, რომ 24 საათიანი წყალმომარაგება ვალეს 2020 წლის ბოლოს ექნებოდა. რატომ ვერ მოხდა ამ ვადებში პროექტის დასრულება და რატომ შეიცვალა დასრულების თარიღი რამდენჯერმე)

დღეის მდგომარეობით, ქ. ვალეს წყალმომარაგების პროექტების დაფინანსების მიზნით. სამივე პროექტის ფარგლებში ანაზღაურებულია 6,094,938.61 ლარი (დაფინანსების წყარო იხილეთ დანართში).

როდის დასრულდება სამუშაოები და რჩება თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორები რის გამოც, შესაძლოა, კიდევ გადაიწიოს პროექტის დასრულების თარიღმა ?

კონტრაქტორის მიერ №T-061203 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების ვადა გახანგრძლივდა ოთხჯერ (2020 წლის 12 აგვისტოს №1 ცვლილებით; 2020 წლის 26 ოქტომბრის №3 ცვლილებით; 2020 წლის 23 დეკემბრის №8 ცვლილებით და 2021 წლის 19 თებერვლის №9 ცვლილებით) და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაში შეუსრულებლობის გამო კონტრაქტორს დაეკისრა პირგასამტეხლო.

კომპანიასა და შპს „დარია +“-ს შორის 2022 წლის 31 მაისს გაფორმდა №T-053102 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს ქალაქ ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ფაზის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა (NAT220004822). ხელშეკრულების მიხედვით, საპროექტო სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 2 დეკემბრამდე (ჯამში - 6 თვე), ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 3 აგვისტო (ჯამში - 8 თვე). აღსანიშნავია, რომ კონტრაქტორმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის ჩაბარება დადგენილ ვადებში და შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, კონტრაქტორს ერიცხება პირგასამტეხლო საპროექტო სამუშაოების ვადაგადაცილებაზე.

კონტრაქტორ ორგანიზაციას საპროექტო სამუშაოების კომპანიაში წარმოდგენა დაგეგმილი აქვს 2023 წლის აპრილის თვეში. ვინაიდან გვიანდება საპროექტო სამუშაოების წარმოდგენა, შესაძლოა სამშენებლო სამუშაოების დასრულება კონტრაქტორმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყოს ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და მას სამშენებლო სამუშაოების დასრულებისათვის დასჭირდეს, საპროექტო სამუშაოების წარმოდგენიდან 8 (რვა) თვე.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ვალეში 3 700-მდე ადგილობრივი ცხოვრობს.

| Print |