ახალციხეში საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
15:47 / 07.04.2023
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობა, საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა ,,ერასმუს პლუსი", ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე, ვიზალიბერალიზაცია ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში. შეხვედრა ახალგაზრდებთან და პედაგოგებთან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დავით ბუჯიაშვილმა გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განუმარტა, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანაც მათი წევრი გახდეს. რა მითები ვრცელდება ყველაზე ხშირად და რატომ ირჩევენ ევროპას - შეხვედრიდან გამოსული ახალგაზრდები სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებზე ახალციხეში გამართული შეხვედრა ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია. შემდეგი შეხვედრა უკვე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან გაიმართება.
შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ოფისის ორგანიზებით გაიმართა.