საზოგადოება
ახალციხეში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ახალციხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი, ყვავილებით შეამკეს და 9 აპრილის ღამეს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დეკანოზმა იოანემ, 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

,,დღეს, ვიხსენებთ თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანებულ ქართველ მამულიშვილებს, მათ ღვაწლს და თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია. 9 აპრილის მოვლენებმა საფუძველი დაუდო უდიდეს ისტორიულ მოვლენას, ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება. 9 აპრილის შემოქმედებს სამაგალითო პატივს მიაგებს ისტორია,"-აღნიშნა ირაკლი ლაზარაშვილმა.

,,ჩვენ გვინდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და არ გვინდა იმპერიაში ცხოვრება. ამ ძლიერ მუხტს და ძლიერ მოწოდებას შეეწირა ჩვენი ახალგაზრდობა. ეს დიდი ადამიანები, რომლებმაც ყოველგვარი ანგარების გარეშე შეწირეს საკუთარი თავი ამ ბრძოლას.

ჩვენ ვალდებულები ვართ ეს გვახსოვდეს და ასევე გვახსოვდეს ისიც, რომ დამოუკიდებლობა არის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ჩვენც ასევე უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა"
- აღნიშნა სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სოსო ალიბეგაშვილმა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
| Print |