საზოგადოება
ახალციხეში სომეხთა გენოციდის 108-ე წლისთავი მსვლელობით აღნიშნეს
სანთლებით, ჩირაღდნებითა და დროშებით, ახალციხეში ადგილობრივმა სომეხმა მოსახლეობამ 1915 წლის მოვლენები და სომეხთა გენოციდი გაიხსენეს. მოქალაქეები რაბათში, გრიგორ განმანათლებლის სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ, საიდანაც ქვაჯვარის, გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის მიმართულებით ფეხით მსვლელობა გამართეს.

აღიარე - ამ შეძახილებით მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე თურქეთის ხელისუფლებას, 108 წლის წინანდელი მოვლენების აღიარებისკენ მოუწოდებდნენ. თარიღის აღნიშვნა 23 აპრილს იწყება და 24-ში, წირვით სრულდება.

1915 წლის 24 აპრილს, კონსტანტინოპოლში, სომეხი ეროვნების ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება დაიწყო და ეს პროცესები 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სომხური მხარის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში, მილიონზე მეტი პირი დაიღუპა. დაახლოებით, ამდენივე მთელ მსოფლიოში გაიფანტა. 30–მდე ქვეყანამ 1915 წელი სომეხთა გენოციდად აღიარა.
| Print |