საზოგადოება
პარლამენტმა ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლზე კანონს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გადამეტებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებას შეეხება.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

პროექტის გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს. არსებული ინფორმაციით, პირველი ეტაპისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაგეგმილია 10 ეკიპაჟის შექმნა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს განახორციელებს: თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში.
| Print |