საზოგადოება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რძის ფასი ისევ ეცემა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რძის ფასი ისევ ეცემა. ჯერ კიდევ მარტის თვეში, 1 ლიტრი რძის საბითუმო ფასი თუ ერთი ლარი და 80 თეთრი იყო, ადგილობრივმა რძის მწარმოებლებმა აპრილიდან 20 თეთრით შეამცირეს, ხოლო მაისში რძის ფასი კიდევ დაეცა და ამ დროისათვის 1 ლიტრის შეძენა ერთ ლარად და 40 თეთრად შეგიძლიათ.

რძის გადამამუშავებლები არ გამორიცხავენ რძის ფასის კიდევ დაწევას. სოფელ თორიას მოსახლეობა რძის გაძვირებას ითხოვს.

,,ყველა ოჯახს იმედი აქვს, რომ რუსეთში მუშაობით მიიღებს შემოსავალს. ჯერ კოვიდი, შემდეგ ომი - ხალხის იმედი მხოლოდ საქონელი-ღაა. ვწვალობთ და რა გვრჩება - რძე გაიაფდა, ხორცი გაიაფდა და გლეხის მარტო წვალება რჩება. აქამდე ვერ გავიგეთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ რძე ასე გაიაფდა. როგორ უნდა ვიცხოვროთ, როცა რძე 1 ლარი და 40 თეთრი გახდა. წყალი უფრო ძვირია, ვიდრე რძე. ამბობენ, ბაზარი თავისუფალიაო, აგერ შედეგიც - ეს არის თავისუფალი ბაზარი?"- ამბობენ სოფელში.

რძის გადამამუშავებელ ქარხნებში კი აღნიშნავენ, რომ ფასის ცვლილებას ბაზარი არეგულირებს.

წყარო:Radio NOR 100.1FM
| Print |