საზოგადოება
რუსეთში 114 ათასამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს - რუსული სტატისტიკა
რუსეთის 2020 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე 113 687 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. როსტატის ვებგვერდზე ატვირთულ აღწერაში ცალკე არიან გამოყოფილები ადამიანები ოკუპირებული რეგიონებიდან - 8 177 აფხაზი და 323 ოსი.

ამასთან აღნიშნულია, რომ რუსეთში 3 045 პირი საქართველოს მოქალაქეა. ამ შემთხვევაშიც ცალკე არიან გამოყოფილები "მოქალაქეები" ოკუპირებული ტერიტორიებიდან:

აფხაზეთი - 644,
ცხინვალის რეგიონი - 333.

აღწერის თანახმად, საქართველოში დაბადებული და რუსეთში მცხოვრები (ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად) 196 610 ადამიანია. ცალკეა გამოყოფილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულები და რუსეთში მცხოვრებები:

აფხაზეთი - 44 302,
ცხინვალის რეგიონი - 16 813.


მთავრობა და ქართული ოცნების წარმომადგენლები ხშირად იყენებენ არგუმენტად იმას, რომ რუსეთში "მილიონი ქართველი" ცხოვრობს, რის გამოც რუსეთს სანქციებს ვერ დაუწესებენ. მას შემდეგ კი რაც პუტინმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი მოხსნა და პირდაპირი ფრენები აღადგინა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს "სანქცია" მოეხსნა.
| Print |