საზოგადოება
რუსი ტუროპერატორები საქართველოში საექსკურსიო პროგრამებს ადგენენ
საქართველოსთან აღდგენილი ავიამიმოსვლის შემდეგ, ტუროპერატორებმა უკვე დაიწყეს ორგანიზებული პროგრამების ფორმირება. რუსეთის მოქალაქეებში საქართველოს მიმართულებით დასვენების ინტერესი გაიზარდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გაზრდილი მომართვიანობის დაკმაყოფილება ტუროპერატორებს გაუჭირდებათ, რადგან მათი აზრით, რეისების სიხშირე შეზღუდული მოცულობით არის დაგეგმილი.

როგორც რუსული „კომერსანტი“ წერს, საექსკურსიო პროგრამები უკვე შედგენილია და უახლოეს მომავალში ის ტურპაკეტებს დაემატება.

ერთ-ერთი რუსული ტუროპერატორის გენერალური დირექტორი, სერგეი რომაშკინი თვლის, რომ შესაბამისი შეთავაზებები შესაძლოა, კვირის ბოლოდან გამოჩნდეს. მანამდე კი, კომპანია საქართველოს სასტუმროების ბაზას აფართოებს - უკანასკნელ კვირას მათი რიცხვი 5-დან 18-მდე გაიზარდა.

ცნობილია ისიც, რომ სასტუმროს ჯავშნების რაოდენობა, 10-15 მაისის მონაცემებით, 25%-ით აღემატება წინა კვირის მაჩვენებელს, ხოლო 8-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

ტუროპერატორები იმასაც აღნიშნავენ, რომ ახლა საექსკურსიო პროგრამების დაწყებისთვის არასწორი მომენტია, რადგან რუსი ტურისტების ნახევარზე მეტმა ზაფხულის არდადეგები საქართელოში უკვე დაგეგმა.
| Print |