საზოგადოება
"გადადეთ ყველა პროექტი და მიხედეთ ამ საკითხს"- ლაშა გეგეჭკორი მთავრობას მიმართავს
ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტის ავტორი, ლაშა გეგეჭკორი მთავრობას დაგეგმილი მშენებლობის დასრულების თხოვნით მიმართავს.

მისი თქმით, უკვე ხუთი წელი გავიდა თავშესაფრის პროექტის გადაცემიდან და ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი აშენება. გეგეჭკორის განცხადებით, ქვეყანაში მასობრივად ხდება ცხოველების უკონტროლო გამრავლება და მათი დაავადება ცოფით, რომელიც თავის მხრივ საზიანო და ლეტალურია ადამიანებისთვის.

გთავაზობთ ლაშა გეგეჭკორის პოსტს:

"საქართველოს მთავრობას. 5 წელი გავიდა მას შემდეგ,რაც სამცხე-ჯავახეთის მხარეს მაშინდელი გუბერნატორის,კახა სამხარაძის ინიციატივით და თხოვნით მოვამზადეთ, პრეზენტაცია ჩავატარეთ და უსასყიდლოდ გადავეცით რეგიონს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის (თავშესაფარი) რეგიონული ცენტრის კონცეპტუალური პროექტი.

გამოყოფილია ტერიტორია და შესყიდულია სამშენებლო პროექტი,ასაშენებელი და აღჭურვისთვის საჭირო თანხა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გამოინახა.

სამაგიეროდ,უკონტროლოდ მრავლდება მიუსაფარი ძაღლები და მატულობს დაავადების გავრცელების,პირველ რიგში,ცოფის საფრთხე,რომლის შედეგი ადამიანისთვის 100%-ით ლეტალურია…

სტატისტიკა: ერთი წყვილი მიუსაფარი ძაღლი 5 წელიწადში იძლევა 12.288 ნაყარს.

გადადეთ ყველა პროექტი და მიხედეთ ამ საკითხს,ცალკეული მუნიციპალიტეტები ამ პრობლემას ვერ დასძლევენ.
სახეზეა დასავლეთ საქართველოს მაგალითი, ცალკეულ მუნიციპალიტეტში გავრცელებულია ცოფი და გამოცხადდა კარანტინი.

გამოსავალი მხოლოდ მასობრივი ანტირაბიული (ცოფზე) აცრა და სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციებია!

ისევ სტატისტიკა:ანალოგიური პროექტით შექმნილმა,მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის რეგიონულმა ცენტრმა 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე ცოფზე აცრა და სტერილიზაცია/კასტრაციის 2167 ოპერაცია ჩაატარა.

შეადარეთ ეს ციფრი პირველ სტატისტიკაში მოყვანილ ციფრს და იმოქმედეთ სანამ გვიან არ არის. ცოფი კლავს"
- წერს ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენება 2018 წელს დაანონსდა. მას შემდეგ პროექტის ავტორი თითქმის ყოველ წელს ახსენებს მთავრობას მისი განხორციელების აუცილებლობის შესახებ.
| Print |