საზოგადოება
როგორც ახლა საყუდაბელშია, ასეთი არ ყოფილა - ბრუცელოზის გამო ბაზარში კონტროლი გამკაცრდა

ასპინძაში, ბრუცელოზი 12 ადამიანს დაუდასტურდა. სოფელ საყუდაბელში, დაავადებული მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე თბილისის კლინიკაშია, ნაწილი კი სახლში მკურნალობს. გამოკვლევა 80–ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ბრუცელოზი 12–ს დაუდასტურდა. მოსახლეობას 300–მდე სული საქონლის ნახევარ ფასში გაყიდვა მოუწია. სოფელში საქონელი ფაქტობრივად აღარ ყავთ. ბრუცელოზის გამო კონტროლი გამკაცრებულია ახალციხის ცენტრალურ ბაზარში.

,,გაგვაფრთხილეს, რომ ასპინძიდან ყველი არ ავიღოთ, რადგან საყუდაბელში ბრუცელოზია. დაავადება ყველიდან და ხორციდან გადადის, უფრო ხორცზეა საშიში“ - ამბობს მზია წალდაძე.

,,ძალიან საშიში დაავადებაა, გადადის ადამიანზე. საქონელთან ურთიერთობითაც გადადის და ყველითაც, რძითაც. აუდუღებელი და დაუმუშავებელი რძის პროდუქტიდან. ასეთი მასიური, როგორც ახლა მანდ (საყუდაბელშია) არის, არ ყოფილა“ - აღნიშნავს ნიკოლოზ ზაზაძე.

ასპინძის მუნიციპალიტეტში საქონლის დაავადება მაისის დასაწყისში გამოვლინდა. ახალციხის ცენტრალური ბაზრის ექიმი ვეტერინარი განმარტავს, რომ ,,ბაზარში ნაყიდი არც ერთი პროდუქტი საშიში არ არის მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ ყველანაირად მოწმდება.

სპეციალური სამსახურები იღებენ სინჯს, ხდება პროდუქტის შემოწმება, თუ დადგინდა, რომ რომელიმე მოსახლის პირუტყვს აქვს ბრუცელოზი, ჩააბარებინებენ ხორცს. მისი შენახვის უფლებაც კი არ აქვს მოსახლეს“
- განმარტავს მერაბ გურგენიძე.

მერაბ გურგენიძე იმასაც აღნიშნავს, რომ საყუდაბლის გამგეობის წარმომადგენელმა უნდა იზრუნოს, რომ ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვი ხალხმა ჩააბაროს.

| Print |