საზოგადოება
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. რატი ბრეგაძემ განმარტა, თუ რა ცვლილებები შედის საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში.

,,სახელმწიფო ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვებამდე და არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო არ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს.

მეორე ცვლილება ეხება იმას, რომ პირს უფლება ექნება გამოცდა გადააბაროს შეუზღუდავად და იმ შემთხვევაში, თუკი მას ექნება დადებითი შედეგი, ეს ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში.

ასევე, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან მცირდება 6 თვემდე.

მეოთხე ცვლილება უკავშირდება ჩვენს მიერ საერთაშორისო ვალდებულებას, კერძოდ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, მოქალაქეობის არ მქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10 წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება,"
- აცხადებს რატი ბრეგაძე.
| Print |