საზოგადოება
დატბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, განადგურდა ნათესები - რა ვითარებაა ადიგენში?
უხვმა ნალექმა და სეტყვამ ადიგენის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში: უდეში, არალში, უნწაში, ხევაშენში, ვარხანში, ბენარასა და შოლავერში სრულად გაანადგურა ნათესები, ხეხილის ბაღები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. წყალი ცენტრალურ გზაზეა გადმოსული და მოძრაობა შეფერხებულია.
დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა სახურავები, ავეჯი და ტექნიკა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
სტიქიის ზონაშია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე. მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს გზების გაწმენდა. შემდგომ დაიწყება მიყენებული ზარალის დათვლა.
"დატბორილია სახლები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. როგორც კი საშუალება მოგვეცა შესაბამისმა ტექნიკამ დაიწყო მუშაობა, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები", - განაცხადა გოჩა ქიმაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ადიგენის გარდა კიდევ ორი მუნიციპალიტეტის, ბორჯომის და ახალციხის სოფლებიც დაისეტყვა.
გააზიარეთ :