საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიულ რეზერვს ახალი ნაკადი შეუერთდა

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეათე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის, 104-ე ქვეითი ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვის კიდევ 51 -მა რეზერვისტმა დადო ფიცი. ამ დროისთვის დაიწყო მეორე 100-ეულის დაკომპლექტება. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში ჯარისკაცებმა გაიარეს საცეცხლე და სამწყობრო მომზადება, სამედიცინო დისციპლინა და ნავიგაცია.

რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს და თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ეთვლებათ. რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. ტერიტორიულ რეზერვში მიიღება თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 18 – დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით.

ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად
აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 4 200 ლარს შეადგენს.
| Print |