საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციის მიზნით ახალი ტექნოლოგიები დაინერგება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმი ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და ხანძრების პრევენციის მიმართულებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის გაძლიერებას ითვალისწინებს. კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური ანძა და კამერები დამონტაჟდება, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავდება, რაც საბოლოო ჯამში ადმინისტრაციას წინასწარი შეტყობინების სახით მიაწვდის ინფორმაციას ხანძრის გაჩენის საფრთხის შესახებ.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით როგორც უნიკალური ბუნების მეტად ეფექტიანად დაცვის, ასევე რეინჯერთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
| Print |