საზოგადოება
ნიკა გვარამიამ საპატიმრო წუხელ დატოვა
ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა.

ნიკა გვარამიას რუსთავის ციხესთან შვილები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები, პოლიტიკოსები და მხარდამჭერები ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ.

ნიკა 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასული წლის 16 მაისს დააკავეს. მას სასჯელის სახით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
| Print |