საზოგადოება
უზენაესმა სასამართლომ გათავისუფლებული აღმზრდელის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა
ახალციხის პირველი ბაგადან გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და ბაღების გაერთიანებას განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 21 ივნისს მხარეთა დასწრების გარეშე იმსჯელა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ძალაში დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ მარინე ლალუაშვილი აღდგენილ იქნა ბაღში აღმზრდელის პოზიციაზე და ბაღების გაერთიანებას განაცდური ორი წლის ხელფასის აღდგენა დაევალა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, მარინე მერაბიშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

მარინე ლალუაშვილი აღმზრდელად 35 წელი მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში მას პირველი საყვედური 2021 წლის მარტში დაუწერეს, ივნისში კი კონფლიქტური სიტუაციების შექმნის მიზეზით გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა. მოსამართლემ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ორივე ბრძანება გააბათილა. მისი გადაწყვეტილებით, დირექტორს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა.
| Print |