საზოგადოება
კაპანაძეები - იმერელი აზნაურები
კაპანაძე ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული გვარია საქართველოში. კაპანაძეები მრავალრიცხოვნობით საქართველოში მესამე ადგილს იკავებენ. აღნიშნული გვარის წარმომადგენლებს სამცხე-ჯავახეთშიც მრავლად შეხვდებით.

ძველთაგან ლიხთ-იმერეთს ცხოვრობდა რიცხვმრავალი გვარი კაპანაძისა. ქართულ საისტორიო საბუთებში გვარი ”კაპანაძე” XV საუკუნიდან იხსენიება. 1429-1452 წლებში დემეტრე მეფემ სასისხლო სიგელი დაუმტკიცა დავით კაპანაძეს. კაპანაძისეული მამული ნახსენებია მუჯისეთუბანში 1558 წლის ერთ საბუთში, ამ მამულს ქუთაისის საყდრის გადასახადი სდებია.

XVII საუკუნეში ჩხარის ციხის მეციხოვნენი ყოფილან დათვია და სეტია კაპანაძენი.

XVIII საუკუნეში სვერის ციხის მეციხოვნედ ჩანს დათია კაპანაძე. ამავე საუკუნეში საბუთებში ხსენდებიან ხუცესი მახარებელი და ხუცესი გიორგი კაპანაძენი.

XVII-XVIII საუკუნეებში იმერელი კაპანაძენი შიდა ქართლში თავად ფალავანდიშვილთა, ამირეჯიბთა და ამილახვართა მამულებშიც დამკვიდრდნენ.

XVII საუკუნეში საამილახვროს კაპანაძენი აზნაურის ხარისხში ამაღლდნენ. ამავე საუკუნეში აზნაურ კაპანაძეთ, ამოწყვეტილ აზნაურ იალღუზიშვილთა მამული ებოძათ "ყოვლითა გულსავსებითა".

1812 წლის რუსთა და ფრანგთა ომში მამაცობდა ქართველი კაპანაძე გრიგოლი.

ლიხთიმერს და ლიხთამერს,ზოგიერთ ადგილებს სახელად შემორჩა კაპანაძეთა გვარის სახელი: "კაპანაძეები" - უბანი სოფელ კორბოულისა იმერეთში და უბანი სოფელ ფლევისა - ქართლში, "კაპანაანთ სახნავი" - ქართლის სოფელ თერეგვანში, "კაპანაძის წყარო" გურიის სოფელ წყალწმინდაში და სხვა.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის კაპანაძეთა გვარის მეომრები, გლეხნი კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის და ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოებში თავად წერეთელთა და ამილახვართა დროშებს ქვეშ.

ამჟამად კაპანაძენი ცხოვრობენ იმერეთში, ოდიშში, გურია-აჭარაში, სამცხეში, ქართლში, კახეთში და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ხაშურის და ლაგოდეხის მხარეებში.

საქართველოში კაპანაძეთა საერთო რიცხვი 18550-ს აჭარბებს.

| Print |