საზოგადოება
ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ამ ადამიანთა საცხოვრებელი პირობები - სახალხო დამცველი ვალის მეორე შახტის მოსახლეობაზე
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, დღეს, 25 აგვისტოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს ე.წ. მეორე შახტის დასახლება მონახულა, მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
„ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ამ ადამიანთა საცხოვრებელი პირობები. მათ სახლებში არ აქვთ წყალი, არ აქვთ სველი წერტილები, არ აქვთ ბუნებრივი აირი. ამას ემატება ისიც, რომ შენობები, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ ნგრევის პირას არის და ოჯახები, მცირეწლოვანი ბავშვებითა და ხანდაზმულებით, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის მუდმივი საფრთხის წინაშე დგანან. დასახლებას არ აქვს გზა და შესაბამისად, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტით არის უზრუნველყოფილი. ეს ადამიანები სრულიად მიტოვებული და გარიყულნი არიან.

მე შევეცდები, მივმართო ყველას, ვისაც ეხება და ხელეწიფება ამ ადამიანთა პირობების გაუმჯობესება. საქართველოში სულ რამდენიმე საცხოვრებელია ამგვარ სავალალო მდგომარეობაში, რასაც სწრაფი რეაგირება და პრობლემების დროული გადაწყვეტა სჭირდება“
, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ვალედან სახალხო დამცველი ახალციხეში ჩავიდა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ბესიკ ამირანაშვილს შეხვდა, სადაც ე.წ. მეორე შახტის დასახლების მაცხოვრებელთა პრობლემების გარდა, რეგიონში მცხოვრები უმცირესობების ინტეგრაციისა და სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხებიც განიხილეს.
ლევან იოსელიანი სამცხე-ჯავახეთში მოქმედ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ადგილობრივი მედიის ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო ენაზე ხარისხიანი განათლების მიღების პრობლემა და მისგან გამოწვეული ახალგაზრდების მიგრაცია, გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდა, სამუშაო ადგილების ნაკლებობა, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, გართულებულია ასევე, საკვები და აუცილებელი საყოფაცხოვრებო პროდუქტების მიწოდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონში აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს შშმ პირთა დღის ცენტრის არსებობა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება, ხაზი გაესვა მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
| Print |