საზოგადოება
"შეტევა 6 საათზე დაიყო, ყველგან ისმოდა განგაშის სიგნალი და აფეთქების ხმა" - ახალციხელი ემიგრანტი ისრაელიდან

ისრაელში ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს ქალაქი თელ-ავივი ამ დროისთვის დაცარიელებულია. დაკეტილია კაფე-ბარები.

რესტორნებმა, რომლებიც დაიკეტა, სამზარეულო ჯარისკაცებისა და დევნილებისთვის გახსნეს. ხალხის მიერ შეგროვებული ფულით მზადდება კერძები, პროცესში კი ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართულია.მიუხედავად რთული ვითარებისა, ისრაელის მოსახლეობას სჯერა, რომ მათი ქვეყანა გაიმარჯვებს და ტერორისტები დამარცხდებიან.

გამარჯვების სჯერათ საქართველოდან ისრაელში ჩასულ ქართველებსაც. მათ შორისაა ახალციხელი ლალი ადეიშვილი, რომელიც 4 წელია ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

ლალი "მეცხრე არხთან" ომის დაწყების დღეს იხსენებს და ამბობს, რომ როცა შეტევა დაიწყო დასვენების დღე და დილის 6:30 საათი იყო, მიუხედავად ამისა რამდენიმე წუთში მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა და მობილიზაცია გამოაცხადა.

ახალციხელი ემიგრანტი გაოცებულია ქვეყნის ერთსულოვნებასა და მობილიზაციაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად საომარი მდგომარეობისა არც კი უფიქრია ქვეყნის და იმ მოხუცის დატოვება, რომელსაც ამჟამად უვლის.

უსაფრთხოების წესებს იცავს, თუმცა მის სახლს თავშესაფარი არ აქვს. ამბობს, რომ დაბომბვის შემთხვევაში გაქცევას ვერ შეძლებს. ახალციხელი ემიგრანტი დარწმუნებულია ისრაელის გამარჯვებაში და იმაში, რომ ეს ქვეყანა მის მაცხოვრებლებს დაიცავს.

ცნობისთვის,ისრაელში საქართველოს 1 031 მოქალაქეა რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.

| Print |