საზოგადოება
ლაბაძეები - უძველესი გვარი იმერეთიდან
ლაბა - ერთგვარი ბუჩქი, მთის მოცხარი იგივე. ლაბა - ხარი რქებდაგრეხილი.

ლაბა - ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო: ლაბია, ლაბო, ლაბაკა, ლაბახა, ლაბუჩი - იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვაგვარად.

გვარის სახელით "ლაბ"-ფუძისანი არიან: ლაბაურნი, ლაბაიძენი, ლაბახუანი, ლაბაშიანი, ლაბუჩიძენი და ლაბაძენი, გვარ-სახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა ძველი და რიცხვმრავალი გვარი ლაბაძეთა.

სიძველის მიხედვით, ლაბაძეთა გვარი ერთ-ერთი იშვიათ გვართაგანია იმერესა და მთელ საქართველოში.

ლაბაძეების ფუძე მომდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევიდან. გადმოცემის მიხედვით თავდაპირველად მხოლოდ ზემო ბოსლევში ცხოვრობდნენ ლაბაძეები, რომელთაგან ნაწილი გადასახლდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში, მეორე ნაწილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში, ბუნებრივია ლაბაძეების ნაწილი დარჩა სოფელ ზემო ბოსლევშიც. აქედან კი მოხდა მათი შემდგომი გადასახლება ლაგოდეხში, ხაშურსა და ახალციხეში.

XI საუკუნის კაცხის ტაძრის წარწერაში იხსენიება ლაბაძეთა გვარის ერთი უძველესი წინაპართაგანი ლაბაძე სვიმონ.

1690 წლის ფალავანდიშვილთა და წერეთელთა ნასყიდობის წიგნში სხვა გლეხებთან ერთად იხსენიება სოფელ სარეკში მცხოვრები ლაბაძე დათუა.

ადრევე დაწყებულა ზემოიმერელ ლაბაძეთა გადმოსვლა შიდა ქართლში.

1662-1692 წლების ნასყიდობის საბუთების მიხედვით, ლაბაძენი მამუკა, გიორგი, ბეჟან და იასე მამულებს ყიდულობენ საამილახვროში.

1709-1744 წლების ზურაბ აბაშიძის მიერ ბერი წერეთლისადმი ბოძებულ წყალობის წიგნში იხსენებიან სააბაშიოს მცხოვრებნი, ძმანი ბერი და ივანე ლაბაძენი.

1889 წლის იმერეთის სოფელ სვერში მცხოვრებ ცუცქირიძეთა ნასყიდობის ხელწერილს ამოწმებს სოფელ მერევის მოსამართლე "სელსკი სუდია" ბესო ლაბაძე.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ლაბაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.

ამჟამად ლაბაძენი ცხოვრობენ: იმერეთში, რაჭაში, გურიაში, აჭარაში, სამცხეში, ქართლსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, ხაშურის, ოზურგეთის, ახალციხისა და ლაგოდეხის რაიონებში.

საქართველოში ლაბაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსანი საერთო რიცხვი 4 748-ს აჭარბებს.

| Print |