საზოგადოება
21 ოქტომბერს ახალციხეში პურის ფესტივალი გაიმართება
21 ოქტომბერს,13:00 საათიდან ახალციხეში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად პურის ფესტივალს ჩაატარებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ავრცელებს.

„2023 წლის 21 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO) ერთად ატარებს „პურის ფესტივალს“.

„პურის ფესტივალი“ ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც „ელკანას“ ინიციატივით 2010 წლიდან, უკვე მეხუთედ, იმართება ახალციხეში. ფესტივალის მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა და ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა/გასაღების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების წარმოჩენა-წახალისება.

ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნებენ ადგილზე გამომცხვარ სხვადასხვა სახეობის ხორბლის პურს, ადგილობრივ პროდუქტებსა და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციულ კერძებს. ფესტივალზე გაიმართება ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სხვა საინტერესო ღონისძიებები.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ დაინტერესებულ პირს/ ორგანიზაციას, რომლებსაც მოჰყავთ და/ან პოპულარიზაციას უწევენ ქართულ ხორბალს, აცხობენ ტრადიციულ პურს, აწარმოებენ და ყიდიან ადგილობრივ და ტრადიციულ პროდუქტს, მეურნეებს, ვინც ეწევა ორგანულ სოფლის მეურნეობას და/ან კლიმატგონივრულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, რომლებსაც სურთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, დაამყარონ თანამშრომლობითი და ბიზნეს ურთიერთობები, გახადონ პროდუქტი უფრო ცნობადი როგორც რეგიონში, ასევე საქართველოს მასშტაბით.

ღონისძიება გაიმართება 2023 წლის 21 ოქტომბერს; დასაწყისი 13:00 სთ-ზე მისამართი: ქალაქი ახალციხე, ახალციხის ციხის ტერიტორია, ხარისჭირაშვილის ქ. № 1“,
- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |