საზოგადოება
მანუშაკის ბრძოლა სოფლად, უკეთესი გარემოსთვის
ახალციხის მაღალმთიანი სოფლის, ორალის მოსახლეობა თანდათან მცირდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდები გაუსაძლის სოციალურ პირობებს საზღვარგარეთ გაურბიან. სოფელში წლებია ითხოვენ მათი პრობლემების მოგვარებას, მაგრამ უშედეგოდ. 20 წლის მანუშაკ ვართანიანმა გადაწყვიტა სოფლის ერთ-ერთი პრობლემის - სპორტული მოედნის პრობლემის მოგვარება და ამაში ადგილობრივების უფრო აქტიური ჩართვა.

„ეს სტადიონია? არც ბადე აქვს, არც ნორმალური მინდორია. საქონელი დასეირნობს. მე ამას მოედნად არ ვთვლი, უბრალოდ დიდი სივრცეა და სტადიონად იყენებენ“, - ამბობს მანუშაკი და სოფელში იმ ტერიტორიას გვაჩვენებს, რომელიც ახალგაზრდების თავშეყრის და გართობის ერთადერთი ადგილია. მანუშაკი ორალში რვა თვეა ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც აქაურ ბიჭზე დაქორწინდა. სოფელში დასახლების შემდეგ აღმოაჩინა, რომ აქ მისი თანატოლებისთვის თავშეყრის ადგილი არ არის.

„ახალგაზრდებისთვის ადგილი არ არის, რომ ერთად შევიკრიბოთ, მაგალითად კლუბი. აქაურები ამბობენ, ყველა სოფელს აქვს თავისი გასართობი ადგილი, სტადიონი და საბავშვო მოედანი, მაგრამ ჩვენს სოფელს არაფერი არ აქვს. ყოველი არჩევნების წინ ამბობენ ყველაფერს გავაკეთებთო, მაგრამ ხედავთ რამეს? აქამდე არაფერი გაკეთებულა“.


ტერიტორია, რომელიც სტადიონის ფუნქციას ითავსებს, სოფლის სასაფლაოსა და რიტუალების სახლის შუაში მდებარეობს. საბავშვო მოედნის არქონის გამო, აქ თამაში უწევთ მცირეწლოვან ბავშვებსაც. ადგილობრივები ხელისუფლებას წლებია სთხოვენ სპორტული აქტივობებისთვის უსაფრთხო სივრცეს.

„პატარები მთელი დღე სახლში არიან, გასართობი ადგილი რომ იყოს, ბავშვი გზაზე აღარ ივლიდა. მეც მეყოლება შვილი, რატომ უნდა ითამაშოს ტალახში, ყანასა და შუა გზაზე, თუ შეუძლია რომ ლამაზ და სუფთა ადგილზე გაერთოს? ბევრს არ ვითხოვთ, ორი საქანელა და ერთი სასრიალოც საკმარისია“.


მანუშაკის თქმით, ორალში ბავშვებს მხოლოდ საბავშვო სივრცე რომ აკლდეთ, აქ ცხოვრება გაცილებით მარტივი იქნებოდა. სოფელში არც საბავშვო ბაღია, მშობლებს ბავშვების წაყვანა 3 კმ-ში, მეზობელ სოფელ პატარა პამაჯში უწევთ. სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის და იძულებულნი არიან, ბავშვები ან ფეხით წაიყვანონ, ან იმ თანასოფლელს სთხოვონ დახმარება, რომელსაც ავტომობილი ჰყავს.

„ვისაც მანქანა არ ჰყავს, როგორ უნდა წაიყვანოს ბავშვი პატარა პამაჯის ბაღში? უნდა სთხოვოს მეზობელს, მაგრამ ყოველ დღე ხომ არ შეეხვეწება? ზამთარში კიდევ უფრო ცუდადაა საქმე, ზოგი მანქანა ვერც ამოდის ჩვენს სოფელში“.

მაღალმთიან სოფელ ორალში პრობლემები ამით არ მთავრდება. საბავშვო ბაღისა და სტადიონის გარდა, სოფელში არ არის სკოლა. გარე განათება მხოლოდ ნახევარ სოფელს აქვს. მანუშაკის თქმით, ზემოთჩამოთვლილი საკითხები და უმუშევრობა ახალგაზრდებს მიგრაციისკენ უბიძგებს, ამიტომ სოფელი იცლება.

„სოფელში სკოლა იყო, მაგრამ არ ჰქონდა შესაბამისი პირობები. ამიტომ მშობლებს ერჩივნათ, რომ ბავშვებს პატარა პამაჯის სკოლაში ევლოთ. 5-6 ბავშვი დადიოდა სოფლის სკოლაში, დანარჩენი 30-მდე პამაჯში, ჩვენი სკოლის შენობა ავარიული იყო, ამიტომ დაიხურა. არადა სოფელში ცოტა ბავშვი არ გვყავს, ავტობუსი სამ რეისს აკეთებს, რომ მოსწავლეები სკოლაში წაიყვანოს“.

ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით დასახლებული ორალი ახალციხიდან მხოლოდ 15 კმ-ით არის დაშორებული, თუმცა ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება. მანუშაკს უნდა, რომ ქალაქის მსგავსად, ბავშვებს მის სოფელშიც შეეძლოთ უსაფრთხო და კეთილმოწყობილ სივრცეში თამაში, ამიტომ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ის თანასოფლელებს არწმუნებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება კიდევ ერთხელ სთხოვონ, ამჯერად ოფიციალური განცხადებით.

მანუშაკმა კარგად იცის, როგორი რთულია ხელისუფლების ყურადღების მიქცევა და თემში მცირე ცვლილების მიღწევაც კი. ის ქალაქ ვალეს ე.წ. მეორე შახტაში დაიბადა და გაიზარდა. დასახლებაში, სადაც არასოდეს ყოფილა წყალი, კანალიზაცია, გზა, ბუნებრივი აირი, საბავშვო ბაღი. მოსახლეობა წლებია ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს. მანუშაკი ისე გაიზარდა, რომ მის დასახლებაში სპორტული მოედანი ან კულტურის სახლი არასდროს ყოფილა.

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა გადაწყვიტა მეორე შახტაში ბავშვებისთვის რამე შეეცვალა და არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ს მიერ გამოცხადებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა. რა გინდა გაკეთდეს შენს თემში - ამ თემაზე მანუშაკმა საკონკურსო თემა დაწერა. ჯერ რეგიონში გაიმარჯვა, შემდეგ კი ქვეყნის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა. ჟიურის დარწმუნება არ გასჭირვებია, მთავარი არგუმენტი, თუ რატომ უნდა განხორციელებულიყო პროექტი მის დასახლებაში, იყო ის, რომ მეორე შახტაში ბავშვებს არაფერი ჰქონდათ. ასე ჩაანაცვლა დამწვარი და ნანგრევებად ქცეული შენობა 2022 წელს ბავშვთა გასართობმა მოედანმა.

მანუშაკი ამბობს, რომ მის გამარჯვებაში დიდი წვლილი დამრიგებელმა და ქართული ენის მასწავლებელმა შეიტანა, რომელმაც სახელმწიფო ენის შესწავლის გარდა, სამოქალაქო აქტივიზმის საჭიროებასა და შედეგებში დაარწმუნა.

„ჩემს მეგობრებს არ სჯეროდათ, მეუბნებოდნენ, ვერ გაიმარჯვებო. რომ გავიმარჯვე 90 მონაწილეში ჩემი დამრიგებლის სახელს ვყვიროდი, „მარინა მას გავიმარჯვე“. ეს ჩემთვის დიდი რაღაც იყო. ძალიან მადლიერი ვარ დამრიგებლის. თუ საქმეს ერთი თვალით უყურებ, არაფერი გამოგივა, თუ ორი თვალით აკეთებ, მანდ ყველაფერი გამოგივა, მე მჯეროდა, რომ შემეძლო“.



მანუშაკი სოფელში ხელმოწერებს შეაგროვებს, განცხადებას ახალციხის მერიაში შეიტანს და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხს დაელოდება. იცის, რომ შედეგის მიღწევა მარტივი არ იქნება, თუმცა ისიც იცის, რომ ცვლილებები უმოქმედობით არ მიიღწევა.
| Print |