საზოგადოება
ახალციხის საკრებულოში შშმ პირთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის ფართის გამოყოფის შესახებ პეტიცია დარეგისტრირდა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ახალციხის საკრებულოში შშმ პირთა საჭიროებებზე მომუშავე ორი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი“ და „კავშირი - თანადგომა შვილებს“ - ფართის გამოყოფის შესახებ პეტიცია დაარეგისტრირა.

TI- ის განცხადებით, არცერთ ორგანიზაციას არ აქვს საკუთარი ფართი. ოფისები, სადაც ამჟამად დროებით არიან განთავსებული, არ არის საკმარისი და შშმ პირთა საჭიროებებს მორგებული. ამიტომ სრულფასოვნად მუშაობა ორივე ორგანიზაციას უჭირს, ასევე, მოთხოვნის მიუხედავად ვერ ზრდიან ბენეფიციართა რაოდენობასაც კი. მათი ფუნქციონირებისთვის და სერვისების გაუმჯობესებისთვის კი უზუფრუქტით ფართის გადაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი“ საგრანტო პროგრამებითა და შემოწირულებებით მუშაობს. თუმცა, საგრანტო თანხა, ხშირ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ითვალისწინებს, რის გამოც მთლიანად გრანტზე უხდებათ უარის თქმა. ასეთ დროს ორგანიზაციის მიერ, ფართის ქირაში გადახდილი თანხა, ცხადია, ბენეფიციართათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას აკლდება.

„კავშირი - თანადგომა შვილებს“ კი დაარსების პერიოდიდან დღემდე, ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ ოფისში, უსასყიდლოდ, დროებითაა განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი“ 2018 წლიდან ფუნქციონირებს. მისი სერვისებია: ქცევის მართვა – ABA თერაპია, ლოგოპედია, ფსიქოლოგის მომსახურება. ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურება და აუტიზმის შეფასება ADOS-2 ინსტრუმენტით. ამ დროისათვის ცენტრი ემსახურება 22 ბენეფიციარს.

„კავშირი -თანადგომა შვილებს“ 2020 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანია შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარებისა და სოციალური ინკლუზიის, ასევე, ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. ამ დროისთვის ორგანიზაცია 10 ბენეფიციარს ემსახურება.
| Print |