საზოგადოება
ახალციხეში რეზერვისტებმა ფიცი დადეს
14 დეკემბერს ახალციხის ციხის, ამფითეატრის ტერიტორიაზე, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 104-ე ტერიტორიული ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის რეზერვისტების სამხედრო ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი, მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ზაზა მჟავანაძე და 104-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მეთაური ვიცე პოლკოვნიკი გოჩა ბათაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს და თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ეთვლებათ. რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 18 – დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით.

ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2 700 ლარს შეადგენს.

ფოტოები ეკუთვნის გიორგი მაღრაძეს.
| Print |