საზოგადოება
"არ მინდა, რომ ჩემს ქალაქში ბრალდებულ მოძალადეს ტაშს უკრავდნენ" - "დემოკრატ ქალთა საზოგადოება" კაბუს კონცერტში მონაწილეობას ეხმიანება
არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ ქალთა საზოგადოება", ახალციხეში, წინასაახალწლო კონცერტში კაბუს მონაწილეობას ოფიციალური განცხადებით ეხმიანება და ორგანიზატორებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მისი მონაწილეობით კონცერტის გამართვაზე, სასამართლოს მიერ საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე.

"Womens Organization Samtskhe-Javakheti 25 წელზე მეტია მუშაობს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის ,ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხებზე.

ახალციხის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ საახალწლო კონცერტზე მონაწილედ მოწვეულია, მომღერალი ”კაბუ” რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ბრალდებულია( ბრალი წარუდგინა გენერალურმა პროკურატურამ) ქალთა მიმართ ძალადობის ბრალდებით.

გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი არის ძალიან სენსიტიური მოვუწოდებთ ორგანიზატორებს , თავი შეიკავონ მისი მონაწილეობით კონცერტის გამართვაზე სასამართლოს მიერ საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე, რათა არ მოხდეს ძალადობის წახალისება"
- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარინა მოდებაძე "მეცხრე არხთან" აცხადებს, რომ ძალადობაში ბრალდებულის მოსმენა და ტაშის დაკვრა მის აღიარებას ნიშნავს. მოდებაძე წინააღმდეგია, რომ მის ქალაქში თუნდაც ბრალდებულ მოძალადეს ტაშს უკრავდნენ.

"პროკურატურა არის სახელმწიფო ორგანო, კაბუ სახელმწიფოს მხრიდან არის ბრალდებული. ამიტომ დავაცადოთ სასამართლოს, მიიღოს გადაწყვეტილება ეს ადამიანი დამნაშავეა თუ არა.

აქ საქმე ეხება ძალადობაში ბრალდებულის მოწვევას კონცერტზე. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს ნიშნავს მის აღიარებას და ტაშის დაკვრას.

მე როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც წლების განმავლობაში ძალადობის წინააღმდეგ ვიბრძვი, ნამდვილად არ მესიამოვნება და ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემს ქალაქში თუნდაც ბრალდებულ მოძალადეს ტაშს უკრავდნენ.

მართალია ჩვენ არ ვიცით დამნაშავეა თუ არა, მაგრამ პროკურატურას რომ არ ჰქონოდა საფუძველი ან ძალადობის რაიმე ნიშნები რომ არ ყოფილიყო, ბუნებრივია არც იქნებოდა ბრალდებული.

ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებიც ტელევიზიით უყურებენ, ან თუნდაც სახლში სხედან და უსმენენ, რომ მოძალადეს ტაშს უკრავენ, უფრო მეტი ნიჰილიზმი, შინაგანი პროტესტი და იმედგაცრუება ექნებათ.

ჩვენმა ორგანიზაციამ და სახელმწიფომ უდიდესი შრომა ჩავდეთ ძალადობასთან წინააღმდეგ ბრძოლაში. უამრავი თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი აქვს სახელმწიფოს, შსს და პროკურატურა ძალიან ბევრ საინფორმაციო კამპანიას ატარებს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის, მაშინ ეს ყველაფერი ხომ ფუჭი და ძალადაკარგული გამოდის.

თუ ჩვენ ძალადობაში ბრალდებულს ოვაციებით შევხვდით, მაშინ სხვა ადამიანმა რაღა დააშავა ორ თვიან წინასწარ პატიმრობაზე რომ ვუშვებთ?! მე თუ კარგი ხმა ამაქვს ესე იგი არ ვარ დამნაშავე და თუ ხმა არ მივარგა დამნაშავე ვარ? ეს ხომ ორმაგი სტანდარტია.

თვითონ მერიაც უნდა იყოს დაინტერესებული ამ ყველაფრით, რადგან ის ერთ-ერთი პასუხისმგებელი ორგანოა. ხელისუფლების ერთმა შტომ დაადანაშაულოს და მეორე შტომ ტაში დაუკრას ეს ძალიან უხერხულია"
- აცხადებს მარინა მოდებაძე.

შეგახსენებთ, რომ "დემოკრატ ქალთა საზოგადოება" უფლებადამცველი ორგანიზაციაა და 25 წელზე მეტია რაც ძალადობის მსხვერპლ ქალებზე ზრუნავს.
| Print |