საზოგადოება
"მომავალი წლიდან ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი გაეზრდება" - ირაკლი ლაზარაშვილი

სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ყველა საჯარო მოხელის, თანამდებობის პირის და შესაძლებლობის შემთხვევაში ა(ა)იპ -ების თანამშრომლების ანაზღაურება მომავალი წლიდან 10% -ით გაიზრდება. ამის შესახებ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ყველა საჯარო მოხელეს 10%-ით გაეზრდება ანაზღაურება. აღნიშნულს გულისხმობს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია.

2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო მოხელეთა ანაზღაურება ყოველწლიურად იზრდება 10%-ით.

ოფიციალური მონაცემებით, ხელფასის მატება შეეხება მთლიანად დასაქმებულთა 24%-ს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, სულ დასაქმებული იყო 1 283 700 ადამიანი, აქედან სახელმწიფო სექტორში მუშაობდა - 308 ათასი, ხოლო არასახელმწიფოში - 975 700 კაცი.
| Print |