საზოგადოება
2024 წლიდან ახალციხის სათნოების სახლი ბენეფიციარებს შაბათ-კვირასაც მოემსახურება, ცვლილებებია ჯანდაცვის პროგრამაშიც

2024 წლიდან ახალციხის სათნოების სახლი ბენეფიციარებს შაბათ-კვირასაც მოემსახურება, ჯანდაცვის პროგრამას კი ახალი მიმართულებები ემატება რომელიც აქამდე არ ფინანსდებოდა. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა განაცხადა.

"სოციალური პოლიტიკის მიმართულებით სულ 27 მუხლი გვაქვს, აქედან 20 სოციალური პროგრამის და 7 ჯანდაცვის პროგრამის. ამ მუხლებს დაემატა ახალი ქვეპუნქტები.

მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე დაფინანსდება ის მიმართულებები, რომელიც აქამდე არ ფინანსდებოდა. მაგალითად თვალის ოპერაცია, სხვადასხვა ინიექციები, გაიზრდება სოციალური დახმარების თანხა"
- განაცხადა ლაზარაშვილმა "მეცხრე არხთან".

მუნიციპალიტეტის მერის თქმით ცვლილებები შედის სათნოების სახლის სამუშაო დღეებშიც. აქამდე ბენეფიციარები კვირაში მხოლოდ ხუთი დღე სარგებლობდნენ კუთვნილი ულუფით, მომავალი წლიდან კი საკვების მიღებას ყოველ დღე შეძლებენ.

"შეჭირვებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტი მხარდაჭერას ორი მიმართულებით უცხადებს: კვარტალური პროდუქტების გადაცემა და სათნოების სახლით სარგებლობა. სათნოების სახლი ფუნქციონირებდა კვირაში ხუთი დღე, 2024 წლიდან კი მოემსახურება შაბათ-კვირასაც. იმ ბენეფიციარებს კი, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხებენ ადგილზე მისვლას, სადილს ჩვენ მივუტანთ სახლში" - აღნიშნა მერმა.

ლაზარაშვილის განმარტებით, ულუფის სახლში მიტანით სარგებლობისთვის, ბენეფიციარებს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ.
| Print |