რა ღირს და რა დაგიჯდებათ უძრავი ქონების გადაფორმება იუსტიციის სახლში?
საქართველოში, ბოლო წლებში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა.
პირველ რიგში, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული, ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული, ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა.
იმისთვის, რომ ქონებით დაინტერესებულ ადამიანს, ამ საკუთრებაზე უფლება წარმოეშვას, სავალდებულოა, რომ მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მოხდეს.
საჯარო რეესტრი კი წარმოადგენს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებების, საგადასახადო გირავნობის, იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობას.
უძრავი ქონების გადაფორმება, იგივე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია კი ნიშნავს, ამ უფლების წარმოშობის შესახებ მონაცემების აღრიცხვას შესაბამის რეესტრში. რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება, ამ უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან და მასზე უფლების რეგისტრაციის მომენტიდან, მესაკუთრე უფლებამოსილია, განკარგოს უძრავი ნივთი.
უძრავი ქონების რეგისტრაციას, მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე სჭირდება და მომსახურების ტარიფი 150 ლარია, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ მომსახურება დაჩქარდეს.
თუ გსურთ, რომ უძრავი ქონება დარეგისტრირდეს 1 სამუშაო დღეში, 270 ლარის გადახდა მოგიწევთ, ხოლო თუ გსურთ ქონების იმავე დღეს რეგისტრაცია, 350 ლარის გადახდა მოგიწევთ.
იუსტიციის სახლის მიხედვით, ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და სრულდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე, ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღე წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღეს.
ასევე ვხვდებით ქონების გადაფორმების კიდევ ერთ ვარიანტს, რაც ჩუქების ხელშეკრულებას წარმოადგენს, როდესაც მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ხელშეკრულების განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან ითვლება.