საზოგადოება
ვის და რა პირობებით დაუსუბსიდირდება ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფი?
მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფს მოსახლეობის ნაწილს წელსაც დაუსუბსიდირებს. შეღავათით დაახლოებით, 1.6 მილიონი აბონენტი ისარგებლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.

დადგენილების თანახმად, სუბსიდიით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია.

როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, დასუბსიდირდება ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტ-სთ-ი ელექტროენერგია 1 კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით, შემდეგი პირობებით:

  • 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა;

  • 2024 წლის 1-ლი აპრილიდან 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
გარდა ამისა, მთავრობა გეგმავს წყლის ტარიფის სუბსიდირებასაც. კერძოდ, შეღავათით ისარგებლებენ, 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის დეკემბრის პერიოდში თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია. ამ ოჯახებს შეეხებათ სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.
| Print |