საზოგადოება
საჭიროების შემთხვევაში 44-ივე ოჯახის დაბინავებაა შესაძლებელი - ილია ზარდიაშვილი
თამარაშვილის #25-ში, მრავალბინიანი კორპუსის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ახალციხის მერის მოადგილის ილია ზარდიაშვილის თქმით, კორპუსში მცხოვრები 44-ივე ოჯახი ევაკუირებულია. შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია სასტუმროში განათავსებს.

,,ვესაუბრეთ რამდენიმე სასტუმროს და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 44-ივე ოჯახის დაბინავება. ვინც ნათესავებთან ან მეგობრებთან დარჩება, ეს მათი ნებაა, ჩვენ ყველას შევთავაზებთ. როგორც კი ხანძრის ლიკვიდაცია მოხდება, უკვე უახლოეს დღეებში, მოვა ჯგუფი და მოხდება ზარალის დათვლა და შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმება ერთობლივად. მოხდება შენობის რეაბილიტაციაც" - აღნიშნა tv9news.ge-სთან მერის მოადგილემ.

კორპუსის მაცხოვრებლებს უჭირთ ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი. მათი თქმით, ცეცხლი სახურავს მოედო და ისე გავრცელდა. 

„ახალი დაწოლილები ვიყავით, მეზობელმა დაიძახა, ძლივს მოვასწარი ბავშვების გაღვიძება და გარეთ გამოყვანა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, თუმცა რამ გამოიწვია ხანძარი, არ ვიცით" - აცხადებს თეა ქურასბედიანი.

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარი კორპუსის სახურავზე 13 ივნისს, დაახლოებით 00:00 საათზე გაჩნდა.  ხანძრის ქრობის პროცესი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებს დახმარებას უწევს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
| Print |