შავ წერტილად დარჩებით საქართველოს ისტორიაში - აქცია ახალციხეში
23:20 / 28.11.2024
ახალციხეში გამართული აქცია დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. აქციაზე 20-მდე ადამიანი მივიდა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტა გააპროტესტა. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ქალაქის ცენტრში სპონტანურად შეიკრიბნენ, ადგილობრივების ნაწილი კი საკუთარი ავტომობილებით წავიდა დედაქალაქში გამართულ აქციაზე შესაერთებლად.
,,ახლა უკვე ნათლად არის დაფიქქსირებული, რომ მათ არ სურთ არანაირი ურთიერთობა ევროკავშირთან და პირიქით, საქართველოს მიაქანებენ ევროკავშირთან. დროა უკვე გავიღვიძოთ! ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რა სურთ მათ, უნდათ რომ მივყვეთ რუსეთს, ძველი საბჭოთა ნოსტალგია აქვთ. გვატყებდნენ, რომ ვითომ ღირსებით ევროპაში მივყავდით, კარგად ვხედავთ, რომ უკან მივიდვართ. საშინელება ხდება საქართველოში, ასტრალში მიდის ფასები, მათი მიზანიც ეს არის, რომ ცუდ დღეში ჩავვარდეთ და შევუერთდეთ რუსეთს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ, რადგან ვიბრძოლებთ ბოლომდე" - ამბობს თაკო თუმანიშვილი. რამინ მაჭარაშვილი დღევანდელ აქციაზე თეთრ დროშაზე შავი წერტილით მივიდა. მისი თქმით, ეს არის იმის სიმბოლო, რომ რუსული კურსის გამო, ქართული ოცნების მმართველობა შავ წერტილად დარჩება საქართველოს ისტორიაში.
ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, პრემიერ–მინისტრმა, დღეს, 28 ნოემბერს, განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღების შემდეგ ჩანიშნა.
ევროპარლამენტარებმა, რეზოლუციის ტექსტში ჩაწერეს, რომ პარლამენტი არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მისი არადემოკრატიულობის გამო და ითხოვს პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, კახა კალაძისა და შალვა პაპუაშვილისთვისა და მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესებას.