საერთოდ არ იგრძნობა, რომ ახალციხეში უნივერსიტეტია და სტუდენტური ცხოვრება - აქცია ახალციხეში
20:55 / 30.11.2024
მესამე დღეა ახალციხეში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. რუსთაველის ძეგლთან, ქალაქის ცენტრში, ადგილობრივები თბილისში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. 30 ნოემბერს კი აქცია სახელწოდებით - აჯანყდი, ახალციხევ" გაიმართა.
,,გაყალბებულ არჩევნებს ვაპროტესტებ და ახალგაზრდებზე ასეთ დიდ ძალადობას. დაგვიმახინჯეს - ერთი ნაწილი საზღვარგარეთ გააქციეს, მეორეს შიგნით გვიხოცავენ და ჩვენ პენსიონერებსაც ალბათ მალე ამოგწყვეტენ. ამ ერთი კაცის ჭკუა-თამაშზე დადის მთელი მთავრობა, რომელიც ვადაგასულია, დროა წავიდეს. მშვენივრად, მშვიდობიანად უნდა გადადგეს და დაუთმოს სხვებს ასპარეზი. თბილისში რაც ხდება უსამართლობაა, ეს არის ჯალათის ნაბიჯები, სპეცრაზმი კი არა ჯალათები არიან, წაქცეულ ახალგაზრდას სახე დაუნგრიო, დაგვიმახინჯეს ერი“ - ამბობს პენსიონერი ნაზი მანველიშვილი.
,,ახალგაზრდები შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გავაპროტესტოთ რაც ხდება საქართველოში, სამშობლო საფრთხეშია, სამშობლოს დაცვა სჭირდება და ამიტომ ვართ აქ. არ შეიძლება არანაირი ძალადობა, რაც ხდება დედაქალაქში მიუღებელია, აქ ვართ სწორედ იმიტომ, რომ დედაქალაქში მიმდინარე მოვლენების დროს დაშავებულებს დავუჭიროთ მხარი“ - ამბობს აქციის მონაწილე მარი მანველოვი. აქციას ჟურნალისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, პენსიონერები და მასწავლებლები მართავდნენ. მოგვიანებით მათ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდნენ და დედაქალაქში დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
,,ქვეყანაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა არჩევნების მერე, თუმცა ბოლო ორი დღეა სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. არჩევნებში ვიყავი ჩართული და საკუთარი თვალით ვნახე რა ხდებოდა ჯავახეთში და საერთოდ რაც მოხდა. დღეს კი მგონია, რომ ერის ჯანსაღმა ნაწილმა გაიღვიძა და მიხვდა, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება.
ჩემთვის ყველაზე კარგი ამ ორ დღეში ის იყო, რომ ეს არ იყო პოლიტიკოსების დაორგანიზებული აქციები, ახალგაზრდებმა და სტუდენტებმა აიღეს ინიციატივა ხელში. მინდა ახალციხეს მოვუწოდო, ამხელა უნივერსიტეტი გვაქვს და საერთოდ არ იგრძნობა, რომ ახალციხეში უნივერსიტეტია და სტუდენტური ცხოვრებაა.
არ ვამბობ იმას, რომ ოპოზიციის მომხრე უნდა იყოს ან დღევანდელი მოვლენების, მაგრამ სტუდენტებმა თავისი სიტყვა უნდა თქვან. ვთხოვ ყველა სტუდენტს, რომ ხვალ იქნება, ზეგ იქნება აქ აქციები და თავისი სათქმელი თქვან“ - აღნიშნა მანუჩარ გოგოლაურმა.
28 ნოემბრიდან, თბილისსა და რეგიონებში, მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას - საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, პრემიერ–მინისტრმა, 28 ნოემბერს, ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროპარლამენტარებმა, რეზოლუციის ტექსტში ჩაწერეს, რომ პარლამენტი არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მისი არადემოკრატიულობის გამო და ითხოვს პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, კახა კალაძისა და შალვა პაპუაშვილისთვისა და მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესებას.